156 ადამიანიდან 124 აცხადებს, რომ მის მიმართ ძალადობა განხორციელდა - სახალხო დამცველი

02 დეკემბერი 2024, 14:22 241 ნახვა

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებმა უკვე 150 ადამიანი მოინახულებს, რომელთაგან 124 ამბობს, რომ მათ მიმართ ძალადობას და არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი.

ომბუდსმენის განმარტებით, ეს შემაშფოთებელი მაჩვენებელია და ყველას მოუწოდებს ცხელი ხაზის მეშვეობით აცნობონ სახალხო დამცველის აპარატს მათთვის ცნობილი დარღვევების შესახებ, რომ მომხდარს შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს.

"156 ადამიანია ჩვენს მიერ მონახულებული და აქედან 124 აცხადებს, რომ მის მიმართ განხორციელდა ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა, რაც თითქმის 80%-ია. ეს ძალიან შემაშფოთებელი ციფრია. დღეს, ჩვენი თანამშრომლები წასულები არიან იზოლატორებში. მინდა იცოდეთ, რომ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები მთელი საქართველოს მასშტაბით არიან გაშლილები, ამავდროულად არსებობს ცხელი ხაზი და ყველას მოვუწოდებ მიმართონ ცხელ ხაზს და მოგვაწოდონ ინფორმაცია იმ დარღვევების შესახებ, რაც მათთვის გახდა ცნობილი. შესაბამისად, მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ თავის შეიკავოს ასეთი ქმედებებისგან, ხოლო დამნაშავეების მიმართ გატარდეს შესაბამისი ზომები", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ლევან იოსელიანის განცხადებით, ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, თავისუფალ გარემოში აკეთონ თავიანთი საქმე, ხელშეშლა დანაშაულია, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ ასეთი ქმედებებისგან.

"სიძულვილის ენა ჩემთვის მიუღებელია. ადგილი თუ აქვს ხელშეშლას, აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ მედიას ვინმემ ხელი შეუშალოს თავისი საქმიანობის განხორციელებაში, ვიღაცისთვის როგორიც არ უნდა იყოს მედია, მისაღები თუ მიუღებელი. ჩვენ ახლა ცხოვრება გვიწევს იმ გარემოში, სადაც საზოგადოება მკვეთრად პოლარიზებულია და ამ პოლარიზებულ გარემოში მედიაც შესაბამისად პოლარიზებულია. გასაგებია, რომ ვიღაცებს არ მოსწონთ ერთმანეთის გაშუქების სტანდარტი, სიუჟეტი თუ აზრი, მაგრამ ამის მიუხედავად, კანონი და კონსტიტუცია გვავალდებულებს, რომ ყველას გამოხატვის თავისუფლებას პატივი ვცეთ და მედიას მივცეთ საშუალება, გააშუქოს მოვლენები იმდაგვარად, როგორც ის მიიჩნევს საჭიროდ“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში