ვაფრთხილებთ აქციის მონაწილეებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, პროტესტი გამოხატონ კანონის ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, შსს გაატარებს კანონით მინიჭებულ შესაბამის ღონისძიებებს - შსს

02 დეკემბერი 2024, 19:41 240 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე.

შსს-ში აცხადებენ, რომ რუსთველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე, პროტესტის მონაწილეთა შეკრებიდან უკვე შეინიშნება პროტესტის არაკანონიერად გამოხატვის შემთხვევები.

„შეკრებილთა ნაწილი აზიანებს ადგილზე არსებულ ინფრასტრუქტურას, ასევე, აქციის მონაწილეებს თან აქვთ სხვადასხვა სახის, საფრთხის შემცველი ნივთები, რომლებიც შესაძლოა, გასული დღეების მსგავსად, ძალადობრივი ქმედებებისთვის იყოს გამოყენებული.

საქართველოს კანონმდებლობით დაცულია შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლება, ასევე, განსაზღვრულია პროტესტის გამოხატვის ფორმები, რათა დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.

ვაფრთხილებთ აქციის იმ მონაწილეებს, რომელთა ქმედებები სცდება პროტესტის გამოხატვის კანონით დასაშვებ ფორმებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, პროტესტი გამოხატონ კანონით დასაშვებ ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გაატარებს კანონით მინიჭებულ შესაბამის ღონისძიებებს. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში