საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმიანება იმის შესახებ, რომ „უნივერსიტეტების შემდეგ სკოლების ჯერია, გამოხატონ სოლიდარობა აქციების მიმართ“.
როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, სკოლის მოსწავლეთა და, საერთოდ, არასრულწლოვანთა ჩართვის წაქეზებისკენ მიმართული განცხადება, მით უმეტეს, ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან, რომელიც თავად უნდა ცდილობდეს ხალხში არსებული პოლარიზაციისა და სიძულვილის განეიტრალებას, რომ მიმდინარე მოვლენებისგან მომავალი თაობის ფსიქიკასა და ფიზიკურ ჯანმრთელობას რაიმე ზიანი არ მიადგეს, არის უაღრესად შემაშფოთებელი.
„ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ, თუ როგორ ვითარდება მოვლენები საპროტესტო აქციებზე; ხშირად მდგომარეობა ისე იძაბება, რომ შეკრება სხვადასხვა საგნის უმისამართო სროლასა და ხელჩართულ დაპირისპირებაში გადაიზრდება ხოლმე. ასეთ პირობებში სკოლის მოსწავლეთა და, საერთოდ, არასრულწლოვანთა ჩართვის წაქეზებისკენ მოწოდებული ყოველგვარი განცხადება, მით უმეტეს, ქვეყნის პრეზიდენტის მიერ გამოთქმული, რომელიც, წესით, თავად უნდა ცდილობდეს ხალხში არსებული პოლარიზაციისა და სიძულვილის განეიტრალებას, რათა მიმდინარე მოვლენებისგან მომავალი თაობის ფსიქიკასა და ფიზიკურ ჯანმრთელობას რაიმე ზიანი არ მიადგეს, არის უაღრესად შემაშფოთებელი. ამას ემატება ისიც, რომ ვრცელდება კადრები, თუ როგორ ცდილობენ უცხო ადამიანები სკოლის ადმინისტრაციის წინააღმდეგ წასვლას და შედიან სკოლებში, არღვევენ სასწავლო პროცესს და მოსწავლეებს მიმართავენ მოწოდებებით, რაც იწვევს სამართლიან აღშფოთებას, ყოვლად დაუშვებელია და სასწრაფოდ უნდა შეწყდეს. ინტერნეტში ვრცელდება აგრეთვე ცრუ ინფორმაცია, თითქოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლაში სწავლა შეწყვეტილია, რასაც თავად აღნიშნული სასწავლო დაწესებულების დირექციაც უარყოფს სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში: „სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ჩვეულებრივად“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
„მიმდინარე პროცესებში არასრულწლოვანთა ჩართვა პოლიტიკური აქტორების ან არასრულწლოვანთა მშობლების მხრიდან დანაშაულად მიმაჩნია. ვგმობთ იმ ძალადობას, რომელიც ბოლო დღეებში ხდება. გთხოვთ მოსწავლეებს, თანამშრომლებს და მშობლებს, პოლიტიკურ დაპირისპირებას სკოლაში ნუ გადმოიტანთ“, - აღნიშნავს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის დირექტორი მამუკა თედიაშვილი.
გარდა ამისა, საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამია, „პასუხისმგებლობას მოკლებულია სამართალდამცავების დისკრედიტაციისა და პოლარიზაციის გამომწვევი დაუსაბუთებელი განცხადება იმის შესახებ, რომ სამართალდამცავები ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არიან. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი სასულიერო პირები ქაშუეთის ტაძარში და მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველ ღამე მორიგეობენ და მსგავსი ფაქტები არასდროს დაუფიქსირებიათ. დასასრულ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს და სხვა პირებს, რომ ამ დაძაბულ დღეებში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თითოეულ სიტყვას, რამაც შეიძლება ყველასთვის სავალალო შედეგი გამოიღოს“.