ალეკო ელისაშვილს ბრალი წარედგინა

05 დეკემბერი 2024, 20:10 262 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე ალეკო ელისაშვილს ბრალდება წარუდგინა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 დეკემბერს თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ა.ე.-მ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარესა და პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 4 დეკემბერს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში