საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტის შესახებ იმსჯელა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 32,4 მლრდ ლარს, რომლის ფარგლებშიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები.
მისივე თქმით, ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გაზრდილია 1,2 მლრდ ლარით და გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში აისახა იმ მიმართულებების დამატებითი დაფინანსება, რაც გაწერილია სამთავრობო პროგრამაში „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“.
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ნაერთი ბიუჯეტის პრივატიზაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 500,0 მლნ ლარს შეადგენს. 2025 წლის განახლებული პროგნოზით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ნომინალურ გამოხატულებაში 25 305,0 მლნ ლარია, რაც 2024 წლის თავდაპირველ გეგმას აღემატება 3 252,0 მლნ ლარით;
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 8 820,0 მლნ ლარით, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 990.9 მლნ ლარით.
განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3 085,0 მლნ ლარით, რაც 2024 წლის დამტკიცებულ ასიგნებას აღემატება 577,0 მლნ ლარით.
კულტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 297,6 მლნ ლარით, ხოლო სპორტის სამინისტროს დაფინანსება იქნება 298,4 მლნ ლარი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3 125,0 მლნ ლარით, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ნაწილში გათვალისწინებულია 2 405,8 მლნ ლარი, გრანტებში – 18,5 მლნ ლარი, ხოლო კრედიტების ნაწილში – 700,8 მლნ ლარი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 808.1 მლნ ლარს; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 947,0 მლნ ლარი, რაც 146,0 მლნ ლარით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 121,0 მლნ ლარს; იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 442,0 მლნ ლარი; საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის – 215,0 მლნ ლარი; თავდაცვის სამინისტროსთვის – 1 730,0 მლნ ლარი, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმას 350,0 მლნ ლარით აღემატება.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 1 395,0 მლნ ლარი, რაც 2024 წლის დამტკიცებულ გეგმას 135,0 მლნ ლარით აღემატება, აღნიშნულ თანხაში გათვალისწინებულია პოლიციელთა ხელფასების 10%-იანი ზრდა.
კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდა საშუალებას იძლევა, რომ ყველა მიმართულებით გაიზარდოს ბიუჯეტი.
„კომიტეტის მიერ ბიუჯეტის პროექტის წინა განხილვისას წარმოდგენილი 24 შენიშვნიდან, ორის გარდა, ყველა გათვალისწინებულია. ამ ორი საკითხის თაობაზე ვაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.