მძიმე ემოციური ფონი როგორც ჩანს სალომე ზურაბიშვილს ისეთ რაღაცებს ალაპარაკებს, რაც მის მესიჯბოქსშიც კი უკვე ნამეტანია - მამუკა მდინარაძე

11 დეკემბერი 2024, 14:25 265 ნახვა

როგორც ჩანს სალომე ზურაბიშვილს მძიმე ემოციური ფონი აქვს, თვითონვე ამბობს, არ მალავს და ეს მძიმე ემოციური ფონი როგორც ჩანს მას ისეთ რაღაცებს ალაპარაკებს, რაც მის მესიჯბოქსშიც კი უკვე ნამეტანია, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

„მოდით ნუღარ განვსჯით, შევუნდოთ, მართლა რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს როგორც ჩანს აღარ მინდა დამატებით კომენტარების გაკეთება, უკვე ისეთ კომენტარებს აკეთებს რომ ჩვენ არ გამოგვივიდეს ამ მძიმე ემოციურ ფონზე ცეცხლზე ნავთის დასხმა.

 

გასაგებია ადამიანი სკამს ებღაუჭება ისე, რომ არც მალავს, ამბობს პრაქტიკულად რომ ამ სკამს ვებღაუჭებიო. თქვა დარჩეს კობახიძე, დარჩეს პარლამენტი, ოღონდ მეც დამტოვეთო, მერე თქვა არსად არ მივდივარო, კონსტიტუციიდან ისედაც გასული იყო.

 

მძიმე ემოციურ ფონზე რა განცხადებებს გააკეთებს სალომე ზურაბიშვილი, ამას პრინციპულად მნიშვნელობა აღარ აქვს, თუმცა ახერხებს აგენტურული ოპოზიციის მესიჯბოქსის ჩარჩოში ჩაჯდომას, დანარჩენი მომსახურების ზონიდან გასულია“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რას ნიშნავს მისთვის სატელეფონო საუბარი, რომელიც ცოტა ხნის წინ შედგა საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონსა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შორის.

„მოკლედ გეტყვით, სალომე ზურაბიშვილს ვურჩევ, მკაცრად გააკრიტიკოს თავისი მეგობარი მაკრონი, რომელმაც საკუთარი ინიციატივით გამართა საუბარი ბიძინა ივანიშვილთან. ეს შეიძლება მართლა გააკეთოს, რადგან მომსახურების არედანაა გასული. თუმცა ცივილიზებულ სამყაროში ჩვენ გვეიმედება ხალხი, რომ საბოლოო ჯამში იმ არასწორი და უსამართლო დამოკიდებულების მიუხედავად, თუნდაც პარალელურად, ისინი შეეცდებიან საუბარს დამოუკიდებელი ქვეყნის ხელისუფლებასთან, მისი პარტიის დამფუძნებელთან, პარტიის წარმომადგენლებთან, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და ა.შ.“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია.

„ევროკავშირის ელჩის ბულინგთან დაკავშირებით მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ არ გვჭირდება არავის ლეგიტიმაცია. ქართველი ხალხის ლეგიტიმაციაა მთავარი და მერე ხელსაც ჩამოართმევენ და დაელაპარაკებიან კიდეც ყველას. თუ მათ მიაჩნიათ, რომ ეს იყო მთავარი ლეგიტიმაცია, ასე არ არის. ამაზე რომ ლაპარაკობენ საერთოდ აიგნორებენ იმას, რომ ჰელსინკის კომისიამ არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, მკაცრად გააკრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციის გამო. არ არის ეს ლეგიტიმაციის მოცემის პირველი შემთხვევა, მათ შორის ევროპის რამდენიმე ქვეყანა ამასთან დაკავშირებით საკმაოდ მკაფიო განცხადებებს აკეთებდა. ახლა ვიღაცები, აგენტურული ოპოზიცია თავისი პატრონების გავლენებით თუ ვიღაცას რაღაცას ალაპარაკებს და საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებაზე დე ფაქტოს აძახებინებს, ამ მესიჯბოქსში ჩვენ ხომ არ შევყვებით?!“, - აღნიშნა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში