ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი რუსეთმა ჩამოაგდო

29 დეკემბერი 2024, 19:24 174 ნახვა

სამწუხაროდ, ავიაკატასტროფის შესახებ პირველი სამი დღის განმავლობაში რუსეთისგან ბოდვითი ვერსიების გარდა არაფერი გვსმენია , – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

ალიევმა აღნიშნა, რომ პილოტების გმირობის შედეგად არ დაიწვა თვითმფრინავის კორპუსის ნაწილი, რამაც, მისივე თქმით, ცალსახა გახადა, რომ თვითმფრინავი რუსეთმა ჩამოაგდო.

„პილოტებმა გამოიჩინეს პროფესიონალიზმიც და გმირობაც. თუმცა, რა თქმა უნდა, პილოტები გამოცდილები იყვნენ და იცოდნენ, რომ ამ ავარიულ დაშვებას ვერ გადაურჩებოდნენ. თუმცა მგზავრების გადასარჩენად მათ დიდი გმირობა გამოიჩინეს და სწორედ ამის შედეგად არიან ავიაკატასტროფაში გადარჩენილები. სწორედ, ამის შედეგად არ დაიწვა კორპუსის ნაწილი და სწორედ ამის წყალობით შეგვიძლია დღეს ცალსახად ვთქვათ, რომ თვითმფრინავი რუსეთმა ჩამოაგდო“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ალიევის თქმით, ჩიტებთან შეჯახების ვერსია დღის წესრიგიდან მოიხსნა, რადგან თვითმფრინავის კორპუსი ნახვრეტებით იყო სავსე.

„რუსულ მხარეს სურს საკითხის მიჩქმალვა და ეს არავის მატებს ღირსებას. ჩვენი თვითმფრინავი, რა თქმა უნდა, განზრახ არ ჩამოუგდიათ. დანაშაულის აღიარება, მეგობარ ქვეყნად მიჩნეული აზერბაიჯანისთვის ოპერატიულად ბოდიშის მოხდა და ამის საზოგადოებისთვის მიწოდება – ყველა ზომა და ნაბიჯი, რაც საჭირო იყო, მიღებულია“, – განაცხადა ალიევმა.

ალიევმა აღნიშნა, რომ საბოლოო პასუხს შავი ყუთების გახსნის შემდეგ მიიღებენ, თუმცა განაცხადა, რომ ის ვერსიები, რომლებიც ამ ეტაპზე არსებობს, დასაბუთებული და ფაქტებზე დაფუძნებულია.

მისივე თქმით, რუსულმა მხარემ უნდა აღიაროს დანაშაული. დაისაჯონ დამნაშავეები და კომპენსაცია გადაიხადონ

„უპირველესად, რუსულმა მხარემ აზერბაიჯანს ბოდიში უნდა მოუხადოს. მეორე, უნდა აღიარონ მათი დანაშაული. მესამე, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, პასუხისგებაში უნდა მიეცნენ და კომპენსაცია გადაუხადონ აზერბაიჯანის სახელმწიფოს, დაშავებულ მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს. ეს არის ჩვენი პირობები. პირველი მათგანი გუშინ უკვე შესრულდა და იმედი მაქვს, რომ ჩვენს სხვა პირობებსაც მიიღებენ“, – ამბობს ალიევი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში