მედიკოსების ამ განცხადებას გამოეხმაურა ჯანდაცვის სამინისტრო. უწყებაში განმარტავენ, რომ მსგავსად ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებლობისა, „პოლიციის შესახებ“ კანონის 33-ე მუხლში მოცემულია პოლიციის მიერ გამოსაყენებელი სპეციალური საშუალებების ჩამონათვალი, მათ შორის ცრემლსადენი გაზი და წიწაკის გაზი.
სამინისტროში განმარტავენ, რომ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის ზოგადი შეფასებისა და მათთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევისას გავრცელებული სიმპტომატიკიდან გადახრას ან სხვა რაიმე გაუთვალისწინებელ გამოვლინებას ადგილი არ ჰქონია, რასაც შეეძლო წარმოექმნა რაიმე სპეციალური კვლევების განხორციელების, მათ შორის, ინტოქსიკაციის წყაროებისა და მათი შემადგენლობის კვლევის საჭიროება.