მესტიაში უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი

09 იანვარი 2025, 12:29 130 ნახვა

მესტიაში უცხო ქვეყნის მოქალაქის, ვიქტორ სოლოვიოვის მკვლელობისა და ყაჩაღობის საქმეზე დაკავებულები წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.
ბეჟან ჭკადუა დუმილის უფლებით სარგებლობს. რევაზ პაკელიანმა გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა სადაც გარკვეულ გარემოებაზე საუბრობს.
დაცვის მხარე ბრალდების ფორმულირებას არ ეთანხმება, რომლის მიხედვითაც, დაკავებულები დაზარალებულებს - ვიქტორ სოლოვიოვსა და მის მეგობარ ქალს თავს ყაჩაღობის, კერძოდ, კი, მობილური ტელეფონის წართმევის მიზნით დაესხნენ.
ადვოკატი საქმეში ნარკოტიკებთან დაკავშირებით არსებულ ვერსიას ადასტურებს. მისივე განმარტებით, ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენების მიხედვით, დაზარალებულები სავარაუდოდ, ნარკორეალიზატორები იყვნენ.
ადვოკატის ინფორმაციით, როგორც ბრალდებულები განმარტავენ, მათ მობილურ ტელეფონებთან კავშირი საერთოდ არ ჰქონიათ, მობილური სავარაუდოდ, დაზარალებულმა ქალმა გადამალა.
5 იანვარს, მესტიაში მომხდარ ფაქტზე ბეჟან ჭკადუას და რევაზ პაკელიანს ბრალი განზრახ მკვლელობის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარების მუხლებით აქვთ წარდგენილი.
სამართალდამცავებმა ბრალდებულები ცხელ კვალზე 6 იანვარს დააკავეს. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 15 საათსა და 30 წუთზეა ჩანიშნული.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში