დღეს, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული რვა პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულების - ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გადასინჯვაზე იმსჯელებენ.
დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა ედებათ ბრალად. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ხუთს კი, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.