16 დეკემბერს აქციაზე გზის უკანონოდ გადაკეტვის საქმეზე თორმეტივე პირის სასამართლო სხდომა ადვოკატების შუამდგომლობით გადაიდო. უქმე დღეების გამო ადვოკატებს მათივე თქმით, საქმის მასალებთან წვდომა არ ჰქონდათ, პროცესების გადადება მასალების სრულყოფილად შესწავლის მიზნით მოითხოვეს.
უფლებადამცველები ასევე შუამდგომლობით მთავრობის სახლისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შენობების კამერებიდან ვიდეოჩანაწერების ამოღებას, ასევე მოწმეების დაკითხვას ითხოვდნენ, რაც მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ არ დააკმაყოფილა. მოსამართლე მხოლოდ 1 მოწმის დაკითხვაზე დათანხმდა, რომელიც ადვოკატის განცხადებით, ადასტურებს ,,რომ ერთ-ერთი ბრალდებული ირმა კომახიძე სამართალდარღვევის ოქმში მოცემულ დროსა და ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა.
ბრალდებულები აცხადებენ, რომ ამ პროცესებით ხელისუფლებას მათი დაშინება სურს. საიაში კი აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეებს გამოხატვის თავისუფლება ეზღუდებათ და მოსარჩელე მხარეს მათ წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ აქვს.
თორმეტივეს შემთხვევაში საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლით არის აღძრული,ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მუხლი 500 ლარიან ჯარიმას ან 15 დღიან პატიმრობას ითვალისწინებს.