GCCA-იმ 2024 წელს 2 საქმის მოკვლევა, 2 ბაზრის მონიტორინგი დაასრულა და 18 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

16 იანვარი 2025, 12:31 59 ნახვა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) 2024 წელს ორი მოკვლევა დაასრულა. სააგენტოს ინფორმაციით, ერთი საკითხი სასტუმროებისა და განთავსების ობიექტებით მომსახურების ონლაინ მიწოდებას ეხებოდა, მეორე მოკვლევა – საკვები სოდის წარმოება/რეალიზაციის საქმეს.

„პირველ შემთხვევაში კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების სავარაუდო ფაქტი არ დადგინდა, რაც  სავარაუდო ექსკლუზიური შეთანხმების არსებობაში გამოიხატებოდა, თუმცა ორი რეკომენდაცია გაიცა; მეორე შემთხვევაში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის დარღვევის ფაქტი დადგინდა და დამრღვევს  ჯარიმა დაეკისრა.

მოკვლევის მიმართულებით მიმდინარეა ოთხი საქმე: რუსთავის ავტობაზრობის, ფარმაცევტული ბაზრის, ბათუმში თევზით ვაჭრობის და ელექტრონული კომერციის ბაზრის მოკვლევა.

2024 წელს დაუშვებლობაზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული 11 საჩივარზე. მოკვლევის მიმართულებით, GCCA-ის მიერ დაკისრებული ჯარიმების ოდენობამ 2024 წელს, ჯამში 43, 635.08 ლარი შეადგინა. დასრულებული მოკვლევის შედეგად – 14 635.08 ლარი, ხოლო შუალედური და განმეორებითი ჯარიმების მიხედვით – 29 000 ლარი.

2024 წელს უწყების მიერ ასევე გამოქვეყნდა ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი „სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვების ბაზრის ex-post მონიტორინგი“, რომლის მიზანს წარმოადგენდა სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით გამოწვეული შედეგების შეფასება, მოკვლევის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.  მოკვლევა ეხებოდა მარნეულის, გორის, ხაშურის, ქარელის, კასპის, დმანისის, გარდაბნის და წალკის მიერ ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების გაწევის მიზნით გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში კონკურენციის შემზღუდველი სატენდერო პირობების გამოყენებას. ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მიხედვით, დადგინდა, რომ GCCA-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გათვალისწინებული იქნა შესაბამისი უწყებების მიერ  – სახელმწიფო შემსყიდველმა ორგანიზაციებმა უზრუნველყვეს  სატენდერო პირობების ფორმირების პროცესში სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულება, რაც აღნიშნული სექტორის საქმიანობის მაჩვენებლებზე დადებითად აისახა.

2024 წელს GCCA-ში კონცენტრაციების თაობაზე 22 შეტყობინების შესწავლის პროცესი დაიწყო. თანხმობა გაიცა 18 კონცენტრაციაზე, ხოლო ოთხში წარმოება მიმდინარე რეჟიმშია. ამავე პერიოდში გადამოწმებული იქნა 47 644 კონცენტრაციის ტრანზაქცია. აღნიშნული მიმართულებით დარღვევა დაადასტურა 13 საქმეზე, ხოლო ერთ შემთხვევაზე წარმოება კვლავ მიმდინარეობს. შესაბამის პირებს GCCA-ს გვერდის ავლით განხორციელებული კონცენტრაციების საქმეებზე 2024 წელს ჯამურად 263,985.09 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ.

2024 წელს დასრულდა ორი – თხილის და მოცვის ბაზრის მონიტორინგი, ორივე შემთხვევაში, GCCA-ს  შეფასებით, ბაზარი კონკურენტულად იქნა შეფასებული. მონიტორინგის მიმართულებით მიმდინარე დაკვირვების ქვეშ რჩება საცალო ვაჭრობისა და დისტრიბუციის (FMCG), საავტომობილო საწვავის და თამბაქოს ბაზრის მონიტორინგები“, - აღნიშნულია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციაში.


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში