დაატოვებინებენ თუ არა თემურ ქათამაძეს საქართველოს ტერიტორიას - სასამართლომ უნდა იმსჯელოს

17 იანვარი 2025, 11:03 152 ნახვა

დაატოვებინებენ თუ არა საპროტესტო აქციების აქტიურ  მონაწილეს, თურქეთის   მოქალაქე, მუჰაჯირების შთამომავალ თემურ ქათამაძეს საქართველოს ტერიტორიას, ამაზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს. ის გუშინ სამტრედიის იზოლატორიდან ჯერ გაათავისუფლეს, თუმცა იზოლატორიდან გამოსვლისთანავე თავიდან დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ საქართველოში არალეგალურად, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდა. დაკავებისას თემურ ქათამაძემ თავის მხარდამჭერებს უთხრა, რომ სავარაუდოდ, მას საქართველოში ყოფნის კანონით გათვალისწინებული ვადები ამოეწურა.

დაკავებას უკანონოდ მიიჩნევს, რადგან მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით სასამართლო  პროცესი აქვს.

სამოქალაქო აქტივისტი ციალა  ქათამაძე წერს, რომ 11 იანვარს, როცა აქციაზე მასთან ერთად აქციის სხვა მონაწილეები და მედროშე ბაბუც დააკავეს, მას ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ უთხრა, რომ  მას მაინც  გააგდებდა ქვეყნიდან. სასამართლო  სხდომაზე კი თემურ ქათამაძემ თქვა, რომ სამართალდამცავებმა მას  სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

შეურაცხყოფის ფაქტებზე საუბრობენ  11-12 იანვარს აქციაზე  დაკავებულები სხვა პირებიც.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში