მექსიკაში მიგრანტთა უფლებების დამცველმა ჯგუფებმა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ანტიმიგრაციული ზომები გააპროტესტეს.
აქცია აშშ-მექსიკის საზღვარზე გაიმართა. ტრამპის ინაუგურაციამდე ათობით ადამიანი შეიკრიბა ტიხუანის პლაჟზე და სასაზღვრო კედელზე გამოფინა ბანერები, რომლებზეც ტრამპის ადმინისტრაციის სავარაუდო ანტიმიგრაციული შეზღუდვები გააპროტესტა.
აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს ტრამპს, არ შეწყვიტოს პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების მიღებას შეერთებულ შტატებში.
ტრამპმა პირობა დადო, რომ გააძლიერებს სასაზღვრო კონტროლს და დაიწყებს მასობრივი დეპორტაციის ოპერაციას პრეზიდენტობის პირველივე დღეს. არალეგალი მიგრანტების დაკავებისა და დეპორტაციის მასშტაბური ოპერაცია ჩიკაგოდან დაიწყება.
რეიდები ასევე დაგეგმილია ნიუ იორკში, ლოს ანჯელესში, დენვერსა და მაიამიში.