მზია ამაღლობელს დაკავების შემდგომ საკვები არ მიუღია, მხოლოდ წყალს იღებს - ნონა ქუდოვანიძე

20 იანვარი 2025, 15:16 125 ნახვა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს დაკავების შემდგომ საკვები არ მიუღია, მხოლოდ წყალს იღებს. ამის შესახებ ნონა ქურდოვანიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ განმარტა, ეს არის მზია ამაღლობელის მხრიდან პროტესტის გამოხატვის ერთგვარი ფორმა იმ უკანონო პატიმრობაზე, რომელშიც ის იმყოფება.

„დღეს მქონდა შესაძლებლობა, მომენახულებინა მზია ამაღლობელი. ის თავს მხნედ გრძნობს და მზად არის ამ საქმეში იბრძოლოს. ასევე, დამატებით მინდა გითხრათ, რომ მას დაკავების შემდგომ საკვები არ მიუღია, მხოლოდ წყალს იღებს და ამ ფორმით აგრძელებს ამ საქმეზე ბრძოლას. ამას აქვს ბრძოლის ფორმა და პროტესტის ფორმა სახეზეა", - განაცხადა ქურდოვანიძემ.

მისი განმარტებით, ციხის ადმინისტრაცია შიმშილობის შესახებ ინფორმირებულია. ამასთან, ქურდოვანიძის განმარტებით, მზია ამაღლობელი ჯერ თავს კარგად გრძნობს და სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია.

ამასთან, მზია ამაღლობელმა „ბათუმელებს“ გამოუგზავნა წერილი, რომელშიც ვკითხულობთ, რომ არ აპირებს მიიღოს რეჟიმის დღის წესრიგი, შიმშილობს და სიცოცხლეზე ღირსეული თავისუფლებაა.

„ფაქტი, რის გამოც დღეს ბრალდებული ვარ, შედეგია იმ რეპრესიული, მოღალატეობრივი, ძალადობრივი, ადამიანის, სიტყვის და გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული პროცესების, რომელიც ბოლო ერთი წელია ვითარდება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ფეხს იკიდებს როგორც დიქტატურა.

არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი. ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა.

ჩემს მოცემულობაში ნებისმიერი ის მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს, ვისაც დემოკრატიულ, სამართლიან, ევროპულ, რუსული გავლენებისგან თავისუფალ საქართველოში უნდა ცხოვრება.

იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის. იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, სოფელსა თუ ქალაქში, ქუჩებსა თუ აუდიტორებში, საზოგადოებრივ და სამუშაო სივრცეებში.

იყავით მამაცები, გაუფრთხილდით და გააძლიერეთ ერთმანეთი.

არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან“-წერს მზია ამაღლობელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი