20 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გორის სოციალურ საცხოვრისს ეწვია, მცხოვრებლებს შეხვდა და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
ლევან იოსელიანი ხელისუფლებას და პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს, მიაქციონ ყურადღება გორის სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ ადამიანებს.
„გორის სოციალურ საცხოვრისში, უკვე წლებია, ადამიანები ღირსების შემლახველ პირობებში ცხოვრობენ. მართალია, შარშანდელთან შედარებით პირობების უმნიშვნელო გაუმჯობესება სახეზეა, თუმცა ეს არ ცვლის კატასტროფულ სურათს, რომლის მსგავსი საქართველოში არსად არ არის. გარდა ინფრასტრუქტურულ-ჰიგიენური პრობლემებისა, ვითარებას ისიც ართულებს, რომ საცხოვრისის შენობაში, სადაც 80-ზე მეტი ოჯახი და, მათ შორის, 60-ზე მეტი ბავშვი ცხოვრობს, მეტადონის პროგრამით გათვალისწინებული სერვისი ფუნქციონირებს. მცხოვრებლები მრავალი წელია, ითხოვენ სერვისის გადატანას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას და პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს, მიაქციონ ყურადღება გორის სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ ადამიანებს, სასწრაფოდ იზრუნონ მათ სხვა საცხოვრებელში, ღირსეულ პირობებში განთავსებაზე, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
სახალხო დამცველმა გორის სოციალურ საცხოვრისში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ლევან ხარაბაძესთან.