ხელვაჩაურში შარაბიძეებში მცხოვრები ალექსანდრე ცინცაძე დასახლებაში წყლის ახალი ჭაბურღილის მოწყობას ითხოვს. სოფლის მკვიდრის თქმით, მოქმედი წყლის სისტემის ირგვლივ ანტისანიტარიაა და წყალი სასმელად უვარგისია.
ალექსანდრე ცინცაძის ინფორმაციით, წყლის ჭაბურღილით სოფელში მცხოვრები 60-მდე ოჯახი სარგებლობს, არაერთხელ მიმართეს ხელვაჩაურის მერიას, თუმცა პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.
ხელვაჩაურის მერიამ პრობლემასთან დაკავშირებით წერილობით გვიპასუხა. პრესსამსახურის ინფორმაციით, შარაბიძეების ადმინისტრაციულ ერთეულში 9 ჭაბურღილი მოქმედებს. რაც შეეხება წყლის ხარისხს, უწყებაში ირწმუნებიან, რომ იგი სასმელად ვარგისიანია.
აქვე მოგვწერეს, რომ ახალი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოებს „აჭარის წყლის ალიანსი ახორციელებს, პროექტის დასრულების შემდეგ დაბის ტერიტორია წყლით უწყვეტად მომარაგდება.