გამომცემლობა „ბათუმელების“ ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა. განცხადება გამომცემლობის ოპერატორმა, გურამ მურვანიძემ გააკეთა.
გურამ მურვანიძემ მედიასთან მისი დაკავების ფაქტზე ისაუბრა. განაცხადა, რომ პირადად ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მითითებით დააკავეს. "ბათუმელების" ოპერატორის განმარტებით, აქციის მონაწილეების დაკავების პროცესის გადაღებისას, ირაკლი დგებუაძე მისი ვინაობით დაინტერესდა და სწორედ, მას შემდეგ დააკავეს, რაც გაიგო, რომ „ბათუმელების“ თანამშრომელი იყო.
ოპერატორის თქმით, ბათუმის პოლიციის უფროსმა მისი დაკავების გარდა, პოლიციელებს ვიდეომასალის გადამოწმება და წაშლა მოსთხოვა. გურამ მურვანიძე ამბობს, რომ დაკავების შემდეგ მას პოლიციელებმა ტელეფონი წაართვეს. ტელეფონი თავადვე გათიშა და იქვე დაილუქა, თუმცა რვადღიანი პატიმრობის შემდეგ, ნივთების დაბრუნებისას აღმოაჩინა, რომ ტელეფონში ყველა ინფორმაცია წაშლილი იყო და ის ფაქტობრივად ქარხნულ მდგომარეობაში დაუბრუნეს.
„ბათუმელების“ ოპერატორის ინტერესებს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. ორგანიზაციამ უკვე მიმართა გენერალურ პროკურატურას, გენერალურ ინსპექციასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ისინი გამოძიების დაწყევას ითხოვენ, როგორც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის, ასევე პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებისა და განადგურების ფაქტზე.