ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა და დედაქალაქში ახალი სტადიონის კონცეფცია განიხილეს „მიხეილ მესხის სტადიონზე“ გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან, სპორტის მინისტრთან შალვა გოგოლაძესა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ირაკლი ქარსელაძესთან ერთად დაესწრო.
მრავალფუნქციური სტადიონი, რომელიც 70 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დედაქალაქის გარეუბანში აშენდება, საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო, სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს და სპორტის აღნიშნულ სახეობებში დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს.