საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას აქვს მდიდარი შინაარსი, რაც გამოიხატება ორ ქვეყანას შორის ყველა მიმართულებით არსებულ თანამშრომლობაში - მაკა ბოჭორიშვილი

30 იანვარი 2025, 10:43 145 ნახვა

საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, გამორჩეული ურთიერთობა და თანამშრომლობა დღეს უკვე სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩოშია მოქცეული, რასაც მდიდარი შინაარსი აქვს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადა.

მისივე თქმით, სომხეთი ტრადიციულად არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში, ასევე, მაღალია ტურიზმის მაჩვენებელიც.

"ჩემთვის დიდი პატივია საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფები ერევანში. დიდ მადლობას ვუხდი ბატონ მინისტრს, არარატ მირზოიანს მასპინძლობისთვის. ზუსტად ერთი წლის წინ თბილისში ხელი მოეწერა საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, გამორჩეული ურთიერთობა და თანამშრომლობა დღეს უკვე სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩოშია მოქცეული. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას აქვს მდიდარი შინაარსი, რაც გამოიხატება ორ ქვეყანას შორის ყველა მიმართულებით არსებულ თანამშრომლობაში. სომხეთი ტრადიციულად არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში. ასევე, მაღალია ტურიზმის მაჩვენებელიც. სომხეთის მოქალაქეები ჩვენი ქვეყნის ყველაზე ხშირ სტუმრებს შორის, მესამე ადგილზე არიან. დღეს ჩვენ განვიხილეთ ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლების და სხვა მრავალ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები. ჩვენი თანამშრომლობა ფართოა, მაგრამ ყოველთვის არის მეტის მიღწევა შესაძლებელი. მიხარია, რომ მე და ჩემს კოლეგას გვაერთიანებს სურვილი, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ორ ქვეყანას შორის მეგობრობის და პარტნიორობის გაღრმავებაში“, – განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, დღეს ერევანში გაიმართება სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-14 სხდომა, რომელსაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები უხელმძღვანელებენ, რაც არის კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა უმაღლეს დონეზე იყოს განხილული ქვეყნებს შორის არსებული მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობის განვითარების გზები.

„ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგულარული პოლიტიკურ დიალოგს. დასაფასებელია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ინტენსივობა და ვიზიტების გაცვლის მაღალი დინამიკა. დარწმუნებული ვარ, ხშირად ვიქნები თქვენი ულამაზესი ქვეყნის სტუმარი და ასევე ხშირად ვიქნები თქვენი მასპინძელი ასევე ულამაზეს ქვეყანაში. ბატონ მინისტრთან საუბრისას განვიხილეთ რეგიონში მიმდინარე პროცესები, ასევე მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა ჩვენი რეგიონისთვის. საქართველოს აქვს გულწრფელი სურვილი ჩვენს რეგიონში იყოს მდგრადი მშვიდობა, რაც ერთმნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს კავკასიის რეგიონის კეთილდღეობას და არსებული პოტენციალის სრულად გამოყენებას. ვიმედოვნებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო შეთანხმების პროცესი საბოლოოდ დასრულდება ორივე მხარისათვის მისაღები შედეგით, რაც საფუძველს შექმნის რეგიონში მდგრად მშვიდობის უზრუნველსაყოფად. საქართველო ყოველთვის გამოთქვამდა მზაობას და ახლაც მზად არის წვლილი შეიტანოს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში, რაც ვფიქრობთ ასევე ხელს შეუწყობს სტაბილურობას და ყველასთვის სასარგებლო იქნება. ჩვენ ასევე გვქონდა საუბარი იმ უსაფრთხოების გამოწვევაზე, რაც უკავშირდება რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციას და ოკუპაციის მძიმე შედეგებზე, რაც გამოიხატება ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ უმძიმეს ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებაში“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ საქართველო და სომხეთი მტკიცედ უჭერენ მხარს და პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთან, მინისტრმა სომეხი კოლეგა თბილისში ვიზიტით მოიწვია.

„საქართველო მიესალმება სომხეთის მთავრობის გაძლიერებულ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სომხეთის ევროკავშირსა და აშშ-სთან თანამშრომლობის პოლიტიკური დიალოგის განმტკიცებისკენ. ბატონო მინისტრო, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ მასპინძლობისთვის ბრწყინვალე თანამშრომლობისთვის. კიდევ ერთხელ, ვისარგებლებ შემთხვევით და მოგიწვევთ საქართველოში. მოხარული ვიქნები, თუ უახლოეს მომავალში მექნება თქვენი მასპინძლობის შესაძლებლობა“, – განაცხადა მინისტრმა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში