2024 წელს, ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი წინა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით დაკლებულია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2024 წელსაც, წინა წლების მსგავსად კვლავ მაღალ ნიშნულზეა დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი - გასულ წელს, საგამოძიებო უწყების მიერ გახსნილია რეგისტრირებული დანაშაულის 64.26%.
"2024 წელს შემცირებულია განზრახ მკვლელობების რაოდენობა. ასევე, შემცირებულია ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტები. ჯამში 2024 წელს 2023 წელთან შედარებით აღნიშნული დანაშაულების-263 (-3.25%) ფაქტით ნაკლები დაფიქსირდა.
გრძელდება საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების კლების ტენდენციაც. შემცირებულია ქურდობის, მათ შორის ბინიდან ქურდობის ფაქტები. 2023 წელთან შედარებით 2024 წელს ქურდობის - 1 388 ფაქტით ნაკლები, მათ შორის ბინიდან ქურდობა - 230 ფაქტით ნაკლები დაფიქსირდა. ასევე, აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებში:
ძარცვა შემცირებულია - 7,52%-ით (-24 ფაქტი);
ყაჩაღობა შემცირებულია -20.51%-ით (24 ფაქტი);
შემცირებულია კიბერდანაშაულის (-250 ფაქტი) და სამოხელეო დანაშაულების (-159 ფაქტი) რაოდენობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქტიური ბრძოლის შედეგად, 2024 წელს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის 485 ფაქტი გამოვლინდა, ჯამში კი გასულ წელს ნარკოდანაშაულების 5 598 ფაქტი იქნა სამართალდამცველების მიერ გამოვლენილი.
რეგისტრირებული დანაშაულის ფაქტების გაზრდილი მაჩვენებელი ფიქსირდება ისეთი კატეგორიის დანაშაულებში, როგორიც არის „ქურდული სამყაროს“ წევრობა, „კანონიერი ქურდობა“ (გამოვლინდა 3-ით მეტი დანაშაულის ფაქტი).
მსხვერპლთა მხრიდან პოლიციის მიმართ ნდობის და მომართვიანობის გაზრდის პროპორციულად 2024 წელს გაზრდილია ქორწინების იძულების გამოვლენის რაოდენობა, რაც მეტწილად განაპირობა საზოგადოებაში აღნიშნული დანაშაულის შესახებ ცნობიერების ამაღლებამ და პრევენციული ღონისძიებების გააქტიურებამ.
2024 წელს გასულ 2023 წელთან შედარებით გაზრდილია სატრანსპორტო დანაშაულების რაოდენობა, მათ შორის 112 ფაქტით მომატებულია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტები"- განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.