მზია ამაღლობელი 21-ე დღეა შიმშილობს

01 თებერვალი 2025, 14:54 81 ნახვა

უკვე 21 დღეა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს. როგორც მისი უფლებადამცველი ნონა ქურდოვანიძე წერს, ადვოკატების მოთხოვნა, დროულად მიეღოთ ჩატარებული მკურნალობის შესახებ ინფორმაცია დაგვიანებით დაკმაყოფილდა და გუშინ მათ გადაეცათ სრული სამედიცინო დოკუმენტაცია.
საიას თავმჯდომარის ინფორმაციით, სამედიცინო დოკუმენტების გაცნობის შედეგად იკვეთება, რომ მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა ის საჭირო პროცედურა, რომელიც მისი ანამნეზით, ჩატარებული კვლევების შედეგად მიღებული მაჩვენებლების, და სრული შიმშილობის ხანგრძლივი პერიოდის გათვალისწინებით, აუცილებლად უნდა შემოწმდეს.
როგორც ქურდოვანიძე აცხადებს, ყველაფერი ამის გათვალისწინებით, დღესვე გაიგზავნა შესაბამისი კორესპონდენცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის N5 ქალთა სპეციალური დაწესებულების დირექტორის სახელზე.
უფლებადამცველის ინფორმაციით, განცხადებაში დეტალურად არის მითითებული იმ სამედიცინო კვლევების და ანალიზების შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა ჩაუტარდეს მზია ამაღლობელს. განცხადება ასევე გაიგზავნა სახალხო დამცველის სახელზე, რათა საკუთარი მანდატის ფარგლებში გაუწიოს მონიტორინგი საჭირო სამედიცინო კვლევების ჩატარების პროცესს.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში