ჩინეთი, მექსიკა და კანადა აშშ-სთვის საპასუხო ტარიფების დაწესებას აანონსებენ

02 თებერვალი 2025, 14:31 118 ნახვა

ჩინეთი, მექსიკა და კანადა აშშ-სთვის საპასუხო ტარიფების დაწესებას აანონსებენ.

ჩინეთის კომერციის სამინისტროს განცხადების თანახმად, შეერთებული შტატების მიერ არასწორი მოქმედების საპასუხოდ, ჩინეთი წარადგენს საჩივარს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) და მიიღებს შესაბამის საწინააღმდეგო ღონისძიებებს, რომ მტკიცედ დაიცვას თავისი უფლებები და ინტერესები.

მექსიკის პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის განცხადებით კი, მისი მთავრობა ცდილობდა დიალოგს, ვიდრე ჩრდილოეთით თავის მთავარ სავაჭრო პარტნიორთან დაპირისპირებას, მაგრამ მექსიკა იძულებული გახდა, რეაგირება მოეხდინა. მექსიკის პრეზიდენტი არ აკონკრეტებს, რომელ პროდუქციას შეეხება მექსიკური ტარიფები.

ხოლო, კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, 25-პროცენტიანი ტარიფები დაწესდება 155 მილიარდი კანადური დოლარის ღირებულების ამერიკული საქონლის წინააღმდეგ, მათ შორის 30 მილიარდი კანადური დოლარის ღირებულების ტარიფები 4 თებერვლიდან ამოქმედდება, დანარჩენი 125 მილიარდი კანადური დოლარის ღირებულების ტარიფები კი – შემდეგ 21 დღეში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადის, მექსიკისა და ჩინეთისთვის ტარიფების დაწესების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი, რასაც მეზობელი ქვეყნების მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში