შემოსავლების სამსახურში NCTS-ის შესახებ კონსულტაცია ყოველ დღე, 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

07 თებერვალი 2025, 15:32 69 ნახვა

შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია ყოველ დღე 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი, – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, წინასწარ გადამზადებული თანამშრომლების მიერ ხორციელდება დაინტერესებული პირებისთვის პროცედურულ საკითხებსა და მიმდინარე პროცესებზე კვალიფიკაციური კონსულტაციის გაწევა.

„შეგახსენებთ, რომ 2025 წლის პირველი თებერვლიდან, საქართველო შეუერთდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების მე-13 დანართით გათვალისწინებულ საერთო სატრანზიტო კონვენციასა და საქონლით ვაჭრობის ფორმალობების გამარტივების კონვენციას და გახდება ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) ნაწილი. ევროკავშირის მხარდაჭერით გაწეული ორმხრივი სამუშაოებისა და ძალისხმევის შედეგად, საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციას შესაძლებლობა აქვს, რეალურ რეჟიმში გაცვალოს ელექტრონული მონაცემები – NCTS-ის მეშვეობით.

აღსანიშნავია, რომ ერთიანი პრაქტიკის დანერგვისა და ამ სისტემის შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველსაყოფად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული – საბაჟო ტრანზიტის სამმართველო, რომლის ფუნქციებში შედის NCTS-ის სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და მომხმარებლისთვის ყველა სერვისის შეუფერხებელი მიწოდება.

უშუალოდ NCTS-ის სისტემის ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, წინასწარ გადამზადებული თანამშრომლების პროფესიონალი გუნდის მიერ ხორციელდება დაინტერესებული პირებისთვის პროცედურულ საკითხებსა და მიმდინარე პროცესებზე კვალიფიკაციური კონსულტაციის გაწევა. მათ შორის 24/7 რეჟიმში არის შესაძლებელი ე.წ. HELP DESK-ით მომსახურება“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში