საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნიდერლანდების ნაკრები ანგარიშით 40:7 დაამარცხა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2025 წლის „რაგბი ევროპის“ კიდევ ერთი მატჩი გამართა. ,,ბორჯღალოსნებმა” ნიდერლანდელებს უმასპინძლეს და სტუმრებს ანგარიშით 40:7 სძლიეს.
მატჩში "ბორჯღალოსნებმა" ექვსი ლელო დადეს. ნიდერლანდელებს ლელო თორნიკე კახოიძემ, ვასილ ლობჟანიძემ, აკაკი ტაბუცაძემ, გიორგი მამაიაშვილმა, ბექა საღინაძემ და გიორგი ჯავახიამ გაუტანეს,
გარდასახვები კი ლუკა მატკავამ (2) და დავით ნინიაშვილმა (3) შეასრულეს.
ჰოლანდიელებმა კი ერთადერთი ლელო მატჩის მიწურულს დადეს და გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დავით ნინიაშვილი დასახელდა.
ქართველმა მორაგბეებმა მიმდინარე სეზონში „რაგბი ევროპის“ პირველი მატჩი შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართეს და მატჩი სარეკორდო ანგარიშით - 110:0 მოიგეს. მომდევნო შეხვედრას ბორჯღალოსნები 16 თებერვალს მადრიდში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.
2025 წლის „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი, ამავდროულად, 2027 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირია.
„რაგბი ევროპის“ ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ - 16-ჯერ „ბორჯღალოსნებს“ აქვთ მოგებული. ქართველმა მორაგბეებმა ჩემპიონობა ზედიზედ 7-ჯერ იზეიმეს.
ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.