ლაო ჯინ ჯაოს სააგარაკე სახლი ახალ სიცოცხლეს შეიძენს

12 თებერვალი 2025, 12:32 195 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჩაქვში მდებარე ლაო ჯინ ჯაოს სააგარაკე სახლის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.  შენობა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაქვემდებარებაშია. პარალელურად სააგენტო მუშაობას იწყებს შენობის ინტერიერის დიზაინზე.

სააგენტოს ცნობით, სამუშაოები ითვალისწინებს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით საგამოფენო სივრცის მოწყობას, სადაც შესაძლებელი იქნება ქართული ჩაის ისტორიის სრული სურათის გაცნობა, ჩაის დეგუსტაცია, სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება და ა.შ. შედეგად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ბაზაზე ქართული საზოგადოება მიიღებს კიდევ ერთ ახალ, საინტერესო და მიმზიდველ კულტურულ ცენტრს. XIX საუკუნის ბოლოს აშენებული ლაო ჯინ ჯაოს სააგარაკე სახლი საინტერესო გეგმარებითა და დახვეწილი ფორმებით ხასიათდება.

"იგი ამ დროის ნაგებობათა შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ამ სახლთან ჩაქვისა და ზოგადად იმ დროის ბათუმის ეკონომიკური განვითარების საინტერესო ისტორიები და ბიოგრაფიებია დაკავშირებული. 

1893 წელს საქართველოში ლაო ჯინ ჯაო სამი წლით მოიწვიეს, 30 წელი იცხოვრა ჩაქვში და ქართული ჩაის განვითარების ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა", - განმარტავენ სააგენტოში.

ლაო ჯინ ჯაოს სააგარაკე სახლის რეაბილიტაციისთვის 900 000 ლარი დაიხარჯება.

 
თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში