ქობულეთის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღემატება

24 თებერვალი 2025, 10:34 296 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად თოვს. ამ დროისთვის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი მეტრ-ნახევარს აღემატება, ქალაქში კი 50 სანტიმეტრია. დიდთოვლობამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები, წააქცია ხეები. რამდენიმე სოფელში კი, ელექტრო ენერგიის, ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის მიწოდების პრობლემები შექმნა.

ქობულეთის მერიაში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბია შექმნილი. უწყებაში აცხადებენ, რომ თოვლმა 10-მდე ოჯახს ნაწილობრივ საცხოვრებელი სახლის სახურავი დაუზიანა. მათივე განმარტებით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 2000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება, 200 აბონენტი კი ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. სასმელი წყლის მიწოდების პრობლემაა მუნიციპალიტეტის ათამდე სოფელში.

ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ ყველა დაზიანებაზე, შესაბამისი სამსახურები და ტექნიკური ჯგუფები მუშაობენ, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

აჭარის საავტომობილო გზების ინფორმაციით, ინტენსიურმა თოვამ სოფლის ცენტრთან მისასვლელ გზებზე  ისევ პრობლემები შექმნა. მათივე ცნობით,  ამ ეტაპზე დაწყებულია ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი ცენტრალური გზების გაწმენდის პროცესი. 

მუნიციპალიტეტში სკოლებსა და ბაღებში დიდთოვლობის გამო, სააღმზრდელო და სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში