რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან სამი წელი შესრულდა. გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის ცნობით, უკრაინაში კონფლიქტის დროს 40 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან დაშავდა.
დაღუპულებს შორის 669 ბავშვია. მილიონობით ადამიანი იძულებით არის გადაადგილებული, უკრაინული ქალაქები და სოფლები კი ნანგრევებადაა ქცეული.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავზე კიევში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა ჩავიდნენ. უკრაინის დედაქალაქში ჩავიდნენ ასევე კანადის, ესპანეთის და ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერებიც. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უსაფრთხოების სამიტს 13 ქვეყნის ლიდერები და კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო დაესწრებიან.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლა ითხოვს სწრაფი შეთანხმების მიღწევას ომის დასასრულებლად, რაც აშფოთებს ვაშინგტონის ევროპელ მოკავშირეებს.
ევროპისა და უკრაინის წარმომადგენლები გასულ კვირას საუდის არაბეთში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე არ მიიპატიჟეს.