დიდთოვლობა ბათუმში

24 თებერვალი 2025, 12:01 264 ნახვა

აჭარაში დიდთოვლობაა.  ბათუმში თოვლის საფარი დღეს დილისთვის ნახევარ მეტრს აღწევს.   სინოპტიკოსების ცნობით, ინტენსიური თოვა შენარჩუნდება 26 თებერვლამდე.

უხვი ნალექის გამო ცოტა ხნის წინ ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩაზე მოძრაობა შეფერხებული იყო. მძღოლები ამბობენ, რომ გზა სანდასუფთავების მანქანამ ჩახერგა და საათზე მეტია  გაჩერებულნი იყვნენ. 

ბათუმის მერიის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები მუშაობის 24 საათიან საგანგებო რეჟიმზე არიან გადასულები. მათივე ცნობით, ქალაქის მასშტაბით  სამუშაოებში 40 ერთეული სპეციალური ტექნიკა და მუნიციპალური სამსახურების 500-მდე თანამშრომელი მუშაობს. დაფიქსირდა 80-მდე ხე-მცენარის დაზიანება.

გამწვანების სამსახურის ინფორმაციით, სკვერებში, პარკებში, მწვანე სივრცეებსა და ქუჩებში ხე-მცენარეების თოვლის საფარისგან დაფერთხვის სამუშაოები მიმდინარეობს. აღდგენილია ბუნებრივი აირის მიწოდება.

ამ ეტაპისთვის უწყვეტად მიეწოდება მოსახლეობას წყალი. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დიდთოვლობის გამო დაგეგმილი ყველა ავიარეისი გაუქმდა.

შეგახსენებთ, რომ უამინდობის გამო სტამბოლიდან უკვე ერთი კვირაა ავიარეისები არ სრულდება. საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სარკინიგზო მიმოსვლის კუთხით პრობლემები დღეს არ ფიქსირდება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში