უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავზე ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ რუსეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესეს.
ავსტრალიის ხელისუფლებამ „შავ სიაში“ შეიყვანა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეები: ანა ციველიოვა, პაველ ფრადკოვი, ვიქტორ გორემიკინი და ანდრეი ბულიგა. სანქციები ასევე დაუწესდათ რუსეთის სახელმწიფო საბჭოს მდივანს, ალექსეი დიუმინს და რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველს, ვლადიმირ მედინსკის.
სულ პერსონალური სანქციები დაწესდა რუსეთის 70 მოქალაქისა და 79 სტრუქტურის წინააღმდეგ, მათ შორის „როსოტრუდნიჩესტვოს“, „როსგვარდიისა“ და რიგი სამხედრო საწარმოების წინააღმდეგ. განახლებულ „შავ სიაში“ ასევე არიან ბელარუსის სამხედრო-სამრეწველო კომიტეტის წევრები და ჩრდილოკორეელი სამხედრო მაღალჩინოსნები.
თავის მხრივ, ახალმა ზელანდიამ რუსეთის 52 მოქალაქისა და სტრუქტურის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა. განახლებული სია მოიცავს ჩეჩნეთის მეთაურის დედას, აიმანი კადიროვას, რომელიც ხელმძღვანელობს ახმატ კადიროვის სახელობის ფონდს, რუსეთის სტრატეგიული ავიაციის რამდენიმე მფრინავს, გაზის მომპოვებელ კომპანია „ნოვატეკს“, სამხედრო საწარმო „ვექტორს“.