სახალხო დამცველი თემურ ქათამაძის საქმეზე განხორციელებულ რეაგირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

24 თებერვალი 2025, 21:44 74 ნახვა

სახალხო დამცველის აპარატი გაფფარ ილმაზის (თემურ ქათამაძის) საქმეზე განხორციელებულ რეაგირებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თამახმად, საქართველოს სახალხო დამცველს მნიშვნელოვნად მიაჩნია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებული ყურადღებით განახორციელოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ჯანმრთელობის ნებისმიერი ფორმით გაუარესება.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ამ დრომდე გაფფარ ილმაზის (თემურ ქათამაძის) საქმეზე განხორციელებულ რეაგირებებთან დაკავშირებით.

უპირველეს ყოვლისა, გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი გაფფარ ილმაზის (თემურ ქათამაძე) მიერ შიმშილობის გამოცხადების დღიდან ზედამხედველობს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ არაერთი ვიზიტი განხორციელდა მისი მონახულების მიზნით, როგორც დროებითი მოთავსების იზოლატორში, ისე მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში (ბოლო ვიზიტი შედგა 2025 წლის 21 თებერვალს, მომავალ დღეებში კვლავ დაგეგმილია ვიზიტის განხორციელება). პირადად მონახულების პარალელურად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მუდმივ სამუშაო კომუნიკაციაშია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. გამოთხოვილია და მიღებულია მისი სამედიცინო დოკუმენტაცია, მათ შორის, ბოლოს - 15 თებერვალს სამედიცინო კლინიკაში ჩატარებული გამოკვლევების შედეგები და დასკვნა. 21 თებერვალს აღნიშნული დოკუმენტაცია მოთხოვნის საფუძველზე ასევე, სრულად გადაეცა გაფფარ ილმაზის (თემურ ქათამაძის) ადვოკატს. ამასთან, აპარატის წარმომადგენლები მუდმივ კომუნიკაციას აწარმოებენ გაფფარ ილმაზის (თემურ ქათამაძის) ადვოკატთანაც.

როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, 2025 წლის 15 თებერვლის შემდეგ ის უარს აცხადებს როგორც მინიმალური სასიცოცხლო პარამეტრების შემოწმებაზე (რასაც ადგილი ჰქონდა მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში), ასევე სხვა გამოკვლევებზე. გაფფარ ილმაზის (თემურ ქათამაძის) ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების პროცესში ჩართულია აპარატში დასაქმებული ექიმიც.

შიმშილობის ვადის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველს მნიშვნელოვნად მიაჩნია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებული ყურადღებით განახორციელოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ჯანმრთელობის ნებისმიერი ფორმით გაუარესება.

დამატებით გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს მისთვის საქართველოში საერთაშორისო დაცვაზე (ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი) მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერების საკითხს (საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის მიღებული, საერთაშორისო დაცვის პროცედურების ამოწურვამდე) და ასევე, მისი დაკავების პროცესში შესაძლო არასათანადო მოპყრობის თაობაზე გამოძიების დასაწყებად ინფორმაცია გადაგზავნილი იქნა სპეციალურ საგამოძიებო ორგანოში. საქართველოს სახალხო დამცველი განაგრძობს ამ საქმეზე ზედამხედველობას უფლებამოსილების ფარგლებში.

ზემოაღნიშნულ საკითხებსა და საქართველოს სახალხო დამცველის მანდატზე, ინფორმაცია დეტალურად მიეწოდა დაინტერესებულ პირებს 2025 წლის 24 თებერვალს გამართულ შეხვედრაზეც. აპარატი საბოლოო შეფასებას საზოგადოებას დამატებით აცნობებს" - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში