ბათუმში ქუჩების თოვლის საფარისაგან გაწმენდის პროცესი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ სანიაღვრე ჭებისა და გზის გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. დღეს დილიდან მუნიციპალურმა ტრანსპორტმა განაახლა მოძრაობა. ავტობუსების მოძრაობა ეტაპობრივად აღდგება ყველა მიმართულებით - ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
უწყების განმარტებით, შეფერხებაა წყალმომარაგების ნაწილში. თამარის დასახლების მიმართულებით წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური 1200 მმ-იანი მილი დაზიანდა. ერთ ლოკაციაზე აღდგენითი სამუშაოები უკვე დასრულებულია. ლოკალიზებისა და ლიკვიდაციის სამუშაოები ამ ეტაპისთვისაც მიმდინარეობს. წყალმომარაგება დღის ბოლომდე აღდგება.
ასევე აღნიშნავენ, რომ მუნიციპალური სამსახურების მიერ ყველა შეტყობინებაზე ხდება მყისიერი რეაგირება.