ქობულეთში მუნიციპალური ტრანსპორტის ნაწილმა მუშაობა განაახლა. ქობულეთის ტრანსრეგულირების სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ავტობუსები მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე მოძრაობენ.
მათივე განმარტებით, ამჟამად ოთხი ავტობუსი დ. აღმაშენებლის და შ. რუსთაველის ქუჩებზე 19:00 საათამდე იმოძრავებენ.
რაც შეეხება სოფლებს, ავტობუსები ამ მიმართულებით, ეტაპობრივად, მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორების შესაბამისად აღდგება.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, უხვი ნალექის და დიდთოვლობის გამო მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მოძრაობა შეაჩერა.