მაღალმთიან აჭარაში გრძელდება თოვლის საფარისგან გზების წმენდის სამუშაოები. ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზების წმენდა დასრულებულია.
სამუშაოები მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზებზე. პროცესში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტია ჩართული. დეპარტამენტის ცნობით, სამუშაოების წარმოებას თოვლის სიმაღლე და ზვავსაშიშროება ართულებს.
დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტებში ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მუშაობს საგანგებო შტაბები. შეტყობინებების შინაარსი ძირითადად მძიმე პაციენტების სტაციონარში გადმოყვანას უკავშირდება.