არ ვეთანხმები ბრალს, უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს - მზია ამაღლობელი

04 მარტი 2025, 16:54 228 ნახვა

არა და არ ვეთანხმები ბრალს. უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს,- ამის შესახებ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის წერილშია ნათქვამი.

როგორც ამაღლობელი აღნიშნავს, მას სჯერა, რომ შეძლებს უდანაშაულობის დამტკიცებას.

„არა და არ ვეთანხმები ბრალს. უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს. საბედნიეროდ, ჩვენს სამშობლოში დიქტატურამ საბოლოოდ ფეხი ვერ მოიკიდა, ამიტომ მჯერა მეც და სინდისის პატიმრებიც შევძლებთ ჩვენი უდანაშაულობის დამტკიცებას“, - წერს ამაღლობელი წერილში, რომელსაც „ბათუმელები“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მანამდე  მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე ბრალდებულთან წერილობითი კომუნიკაციის უფლება მოითხოვეს, რადგან  მაშინ როდესაც ადვოკატები მზია ამაღლობელისთვის წერილის გადაცემას ცდილობდნენ,  საბადრაგო სამსახურმა ამის საშუალება არ მისცა.

თავის მხრივ, მოსამართლემ ადვოკატებს განუცხადა, რომ ბრალდებულთან მხოლოდ გასაუბრება არის შესაძლებელი.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ, სწრაფი და ეფექტური გამოძიების ჩატარების მიზნით, მზია ამაღლობელის ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვა მოითხოვა. ბრალდების მხარის განცხადებით, დეტექტივ ვლადიმერ ჩიტაიას პატაკის თანახმად ირკვევა რომ, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმა შესაძლოა  წინასწარ დაგეგმილი ყოფილიყო.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ 1 და 12 იანვრის ჩათვლით კონკრეტული აპლიკაციებიდან ინფორმაციის ამოღებაც მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში "ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა პატიმრობაში მზია ამაღლობელი.

მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა დასაშვებობის საკითხი, ასევე, ეს საქმე არსებითად უნდა განიხილოს თუ არა სასამართლომ. ამ სხდომაზე მოსამართლე განიხილავს მზია ამაღლობელისთვის აღკვეთი ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობას.

 
ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში