საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პირველკლასელთა რეგისტრაციას იწყებს.
2025 წლიდან, სურვილის შემთხვევაში, პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.
რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2025 წლის 10 მარტიდან 21 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები.
მეორე ეტაპზე მოსწავლეთა რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 2025 წლის 2 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით განხორციელდება.
ამ ეტაპზე რეგისტრირდებიან ბავშვები:
• რომელთა და-ძმაც სწავლობს სასურველ სკოლაში;
• რომელთა მშობელიც სასურველი სკოლის თანამშრომელია;
• რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
მესამე ეტაპზე, საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია 2025 წლის 22 მაისს დაიწყება და 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი.