ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება არის ერთ-ერთი ამოცანა და ამ კუთხით შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა - პრემიერი

04 მარტი 2025, 17:24 92 ნახვა

ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის, შუა დერეფნის განვითარება არის ერთ-ერთი ამოცანა და ამ კუთხით ზოგადად შუა აზიის ქვეყნებთან, კონკრეტულად უზბეკეთთან თანამშრომლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველო მაქსიმალურად აფართოებს ეკონომიკურ კავშირებს.

„გვაქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალიან ბევრ ქვეყანასთან, ეს ყველაფერი დაეხმარება ჩვენს ქვეყანას, რომ კიდევ უფრო მეტად განავითაროს საკუთარი ეკონომიკური შესაძლებლობები. იცით, რომ გასული 4 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის ტემპი გვაქვს ძალიან მაღალი, საშუალო ზრდამ შეადგინა თითქმის 10 პროცენტი გასული 4 წლის განმავლობაში, წლევანდელი წელიც დავიწყეთ ძალიან კარგად. იანვრის მაჩვენებელი იყო 11,1 პროცენტი. ჩვენთვის მთავარია, რომ ტემპი არ დავაგდოთ და პირიქით, კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი ეკონომიკის განვითარებას. ამ კუთხით კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ორმხრივ თანამშრომლობას უზბეკეთთან ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს გაიმართა შეხვედრები პარლამენტში, ორივე პალატის თავმჯდომარეებთან, ხვალ იგეგმება შეხვედრები პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.

„დავიწყეთ ვიზიტი უზბეკეთში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება უზბეკეთთან. დღეს უკვე გვქონდა შეხვედრები პარლამენტში, ორივე პალატის თავმჯდომარეებთან. ხვალ გაიმართება შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან. გვექნება საუბარი თანამშრომლობის ყველა მიმართულებაზე. პოლიტიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება არის მეტად მნიშვნელოვანი. ამასთან ერთად, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას. ამ კუთხით, პოტენციალი არის ძალიან დიდი. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენი დამაკავშირებელი, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით ორივე ქვეყნისთვის არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა. არის ბევრი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით არის დიდი პოტენციალი, მათ შორის, სავაჭრო, ინვესტიციების კუთხით და ყველა ამ თემაზე გვექნება საუბარი ჩვენს უზბეკ მეგობრებთან“, - განაცხადა პრემიერმა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში