ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობები ხელმძღვანელის მხრიდან რეპრესიების დაწყებაზე საუბრობენ. მათივე თქმით, სამსახურიდან უკვე გაუშვეს ბიულეტინზე მყოფი მსახიობი თორნიკე ბარამიძე. სოციალურ ქსელში წერენ, რომ შემდეგი იქნება ყველა ის პირი, ვინც გაფიცვის რეჟიმში იმყოფებოდა.
დღეს მცირე სცენაზე პრემიერაა სახელწოდებით “როცა გადაუღებლად წვიმს”, რომლის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი მეგი კობალაძე ვერ მიიღებს მონაწილეობას, მსახიობის თქმით, მან იმის შესახებ, რომ ბიულეტინზე იმყოფება აცნობა შესაბამის პირებს, თუმცა მენეჯმენტის მხრიდან სადამსჯელო ღონისძიებებს ელოდება და არ გამორიცხავს ისიც გაუშვან თეატრიდან. მეგი კობალაძე ასევე იყენებს ერთ დღიან გაფიცვის უფლებას და თუ მას სამსახურიდან გაუშვებენ, სასამართლო დავას გეგმავს.
თეატრის დირექტორი ირაკლი დევაძე ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, თავად ნუკრი ქანთარიამ კი მსახიობების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოზიციებს ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში უპასუხა.
ბათუმის დრამატული თეატრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პოლიტიკური ნიშნით ის არავის ათავისუფლებს, ვინც სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებს მათ მიმართ ტარდება შესაბამისი ზომები.