საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს

11 მარტი 2025, 13:23 127 ნახვა

საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრა დაიწყო.

მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის მხრიდან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი მაიკ უოლცი. უკრაინულ დელეგაციას შეხვედრაზე წარმოადგენენ საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი.

საუდის არაბეთში ასევე იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც პრინც სალმანს შეხვდა. ზელენსკი აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს.

ჯიდაში მიმდინარე მოლაპარაკებები უკრაინასა და აშშ-ის შორის პირველი მაღალი დონის შეხვედრაა მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და ვიცე-პრეზიენტ ჯეი დი ვენსის ვოლოდიმირ ზელენსკისთან სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ ვაშინგტონმა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა.

საუდის არაბეთში ვიზიტამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ იმედი გამოთქვა, რომ უკრიანულ მხარესთან შეხვედრა კარგად ჩაივლის და განაცხადა, რომ ვაშინგტონის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის საკითხი შეიძლება, „მოგვარდეს“ საუდის არაბეთში მოლაპარაკებების დროს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში