ევროკავშირი მიესალმება უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივ განცხადებას საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შემდეგ, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, ევროკავშირი მზად არის შეასრულოს თავისი როლი მომავალი ნაბიჯების მხარდასაჭერად.
„ევროკავშირი მიესალმება უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივ განცხადებას საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შემდეგ, მათ შორის წინადადებებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ, ჰუმანიტარულ ძალისხმევას და აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებისა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების განახლებას. ევროკავშირი მზადაა, სრულად შეასრულოს თავისი როლი მომავალი ნაბიჯების მხარდასაჭერად, უკრაინასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად. ევროკავშირის მიზანია უკრაინის მხარდაჭერა, რათა მიაღწიოს ყოვლისმომცველ, სამართლიან და მდგრად მშვიდობას, რომელიც ეფუძნება გაერო-ს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. ცეცხლის შეწყვეტის წინადადება, თუ რუსეთი მას მიიღებს, შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ახლა რუსეთის ჯერია, გამოავლინოს მშვიდობის მიღწევის სურვილი. ევროკავშირი მიესალმება საუდის არაბეთის ძალისხმევას, რომელმაც უმასპინძლა ამ მოლაპარაკებებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ევროკავშირი ძალიან შეშფოთებულია ბოლო დღეების განმავლობაში სირიაში ძალადობით, რომელმაც მსხვერპლთა დიდი რაოდენობა გამოიწვია, მათ შორის დაიღუპა ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მხარდამჭერების შეიარაღებული დაჯგუფებების თავდასხმებს უსაფრთხოების ძალებზე. ასევე ყველაზე მკაცრი ფორმით ვგმობთ სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ჩადენილ საშინელ დანაშაულებებს, მათ შორის სიკვდილით დასჯას, რომელთა უმეტესობაც, სავარაუდოდ, ჩადენილია შეიარაღებული ჯგუფების მიერ, რომლებიც მხარს უჭერენ გარდამავალი ხელისუფლების უსაფრთხოების ძალებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკავშირი მოუწოდებს სწრაფი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებისკენ.
„ჩვენ მივესალმებით გარდამავალი ხელისუფლების მიერ აღებულ ვალდებულებებს, კერძოდ, საგამოძიებო კომიტეტის შექმნას, რათა დამნაშავეებს პასუხი მოეთხოვოთ საერთაშორისო სამართლის სტანდარტების შესაბამისად. ევროკავშირი მოუწოდებს სწრაფი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებისკენ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა თავიდან იყოს აცილებული მსგავსი დანაშაულების განმეორება. ევროკავშირი განაგრძობს მოწოდებას სირიაში ძალადობის შეწყვეტისკენ და მოუწოდებს ყველა მხარეს, დაიცვან სირიელები რელიგიური და ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დისკრიმინაციის გარეშე; ასევე, მოუწოდებს ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდებისკენ და ნებისმიერ პირობებში საერთაშორისო ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემისკენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.