საქართველო, სამაგალითო პარტნიორი იყო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არა მხოლოდ ამ რეგიონში, არამედ მსოფლიო მასშტაბით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, აშშ-დან თუ ევროკავშირიდან საქართველოსგან ითხოვდნენ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რაც ჩვენი ქვეყანას კიდევ ერთ ომს მოუტანდა.
„გავყევით ყველა ომში სადაც გაყოლა შეგვეძლო, ვიყავით ერაყში, ავღანეთში, გადავასწარით ნატოს წევრ თითქმის ყველა ქვეყანას და ვიყავით მეოთხე ქვეყანა კონტინგენტის რაოდენობით, მხარში დავუდექით ყველა სირთულის დროს იმ შესაძლებლობით, რომელიც ჩვენ გვქონდა და ამის საპასუხოდ ჩვენ დავინახეთ, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი იქნებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ თუ ევროკავშირის სხვადასხვა დედაქალაქში, ჩვენგან ითხოვდნენ ესკალაციას, თავზეხელაღებულ ქცევას, რაც პირდაპირი ბილეთი იყო ხელახალი ომისკენ.
ის რაც დაშავდა ამ ურთიერთობაში, ეს არ იყო ჩვენი მიზეზით. რაც უფრო ნათელი ექნება ამ ურთიერთობებს აღდგენა, რაც უფრო მეტად დაინახავს საქართველოს საზოგადოება ნამდვილ პარტნიორობას, მით უფრო ნათელი იქნება რომ ახალმა ადმინისტრაციამ შეძლო ამ არაფორმალური ქსელების დამარცხება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე განცხადებით, ბოლო სამი წელი ყოველდღიური ჭიდილია ომსა და მშვიდობას შორის. ბევრს უნდოდა, რომ ეს ზღვარი გადაგველახა.
„ასეთ მომენტებში ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს იარებზე, რომელიც 3 ათეული წლის წინ გაგვეხსნა და რომელიც თავს ყოველდღიურად გვახსენებს. ამავე დროს გვახსენებს, თუ რა ვიწროა ზღვარი მშვიდობასა და ომს შორის. ამას ჩვენ განსაკუთრებით ბოლო სამი წელი ვაკვირდებით რეგიონში. ვხედავთ იმ ტრაგედიას, რომელიც უკრაინაში ტრიალებს. ვხედავთ ახალ მგლოვიარე ოჯახებს და ჩვენს საზოგადოებასაც ესმის ის, რომ ამ ზღვართან ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით ამ ბოლო სამი წლის განმავლობაში. ბევრს უნდოდა, რომ ჩვენთვის ებიძგა და ეს ზღვარი გადაგველახა და ჩვენი ქვეყანა კვლავ მგლოვიარე ქვეყნად ქცეულიყო, მაგრამ საზოგადოება დადგა მტკიცედ. არ ავყევით, არავის ყალბ, ცრუ მოწოდებებს. ვნახეთ ჩვენ მხოლოდ ერთი მარგინალური ჯგუფი ჩვენი მოქალაქეებისა, რომელიც სამი წლის წინა ამ დღეებში მოითხოვდნენ, რომ მოხალისეების გაგზავნით, იარაღის მიწოდებით, საზღვრების ჩაკეტვითა და ასე შემდეგ საქართველო პირდაპირ თავით გაქანებულიყო ხელახალ ომში და აქ ყოფილიყო მეორე უკრაინა"- განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა მოუწოდა დიპლომატებს, დაუბრუნდნენ მათი პირდაპირი მოვალეობების შესრულებას და ნუ გასცდებიან დიპლომატიურ ჩარჩოებს.
"რაც შეეხება დიპლომატებს, პირდაპირ იყო ჩართული ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი წინასაარჩევნო კამპანიაში. გაიხსენეთ მისი გამოსვლები, მისი აქცენტები. ხან თხრობით გველაპარაკებოდა, ხან ლექსებით. ის ცხადად იყო ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო წინასაარჩევნო კამპანიაში. აფინანსებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ასევე, პირდაპირ იყვნენ ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში...
დიპლომატებს, ელჩებს თავი მოაქვთ, როგორც ამ ქვეყნის შიდა პოლიტიკის განმსაზღვრელებს. არავის მიუცია მათთვის უფლება, რომ ჩაერიონ საქართველოს შიდა პოლიტიკაში. ამიტომ ყველას მოვუწოდებთ დაბრუნდნენ თავის დიპლომატიურ ჩარჩოებში. მათი ამოცანა არის საკუთარი ქვეყნის წარმოდგენა საქართველოში და ზრუნვა იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის იყოს შესაბამისი ურთიერთობები. ნაცვლად ამისა, ვხედავთ, რომ დღეგამოშვებით ოპოზიცია უზით თავის საელჩოებში ან თვითონ დადიან ოპოზიციასთან ოფისებში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.