ამაზე დიდი სირცხვილი რა შეიძლება იყოს, როცა სხვა ქვეყნის პოლიტიკური ჯგუფები გაფინანსებენ და საკუთარ დღის წესრიგს გატარებინებენ, - განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, სწორედ „დიფ სთეითის“ მარიონეტების გამო არსებობს აშშ-ში უცხოური აგენტების რეესტრი და სწორედ ასეთი ხალხი შეჰყავთ იმ რეესტრში, რომლებიც პირდაპირ იღებენ სარგებელს უცხოური პოლიტიკური ქსელებიდან.
„რადიკალური ოპოზიცია არის ჩვეულებრივი მარიონეტი უცხოური პოლიტიკური ჯგუფებისა და ქსელების, რომელიც ზუსტად ამ „დიფ სთეითის“ ნაწილია. უცხოურმა ქსელებმა, ნახეს რა, რომ საქართველოს ხელისუფლების მარიონეტად ქცევა ვერ შეძლეს, შემოიკრიბეს მარიონეტები რადიკალურ ოპოზიციისა და NGO-ების სახით. ზოგ NGO-ს თავის ქვეყანაში არეგისტრირებენ. ნახეთ, რომ ესტონური NGO-ები მომრავლდნენ სოკოებივით საქართველოში. ზოგი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი დაჰყავთ თავისთან ტურებზე, ასეირნებენ და ასე ვთქვათ, არაფერს აკლებენ, ფული იქნება ეს თუ, დაფინანსება მათი ამ ტურების, იმისთვის, რომ შეასრულონ შემდეგ მათი მითითებები. ამის გამო არის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს უცხოური აგენტების რეესტრი. სწორედ ასეთი ხალხი შეჰყავთ იმ რეესტრში, დამოუკიდებელი ქვეყნის პოლიტიკოსები, რომლებიც პირდაპირ იღებენ სარგებელს უცხოური პოლიტიკური ქსელებიდან. ამაზე დიდი სირცხვილი რა შეიძლება იყოს, როცა სხვა ქვეყნის პოლიტიკური ჯგუფები გაფინანსებენ და საკუთარ დღის წესრიგს გატარებინებენ“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიცია, საკუთარი განცხადებების მიუხედავად თვითმმართველობისა არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
„დადგება ოქტომბერი და ისე მიიღებენ მონაწილეობას, მზე მაღლა იქნება და ასეც მოხდება. უმჯობესი იქნება თუ ექსტრემისტული პარტიები არჩევნებზე არ გამოვლენ. ეს მისცემს ქართულ დემოკრატიას საშუალებას, რომ სრული დემოკრატიული გადატვირთვა მოხდეს და ყველანაირი ექსტრემისტული პოლიტიკურ დაჯგუფება ჩამოსცილდეს ქართულ პოლიტიკას. პირველი კარგი ნაბიჯი გადადგეს იმით, რომ საკუთარ მანდატებზე უარი თქვეს და ეს რა თქმა უნდა, დავუკმაყოფილეთ. ამით საქართველოს პარლამენტი დიდწილად გათავისუფლდა რადიკალური და ექსტრემისტული პოლიტიკური ჯგუფებისგან, რომლებიც იმართებიან გარედან. დარჩენილია გახარიას მარგინალური ჯგუფი, იმედია, ისინიც გავლენ პარლამენტიდან. სხვებიც თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, ესეც კარგი იქნება, რადგან ჩვენს პოლიტიკურ ლანდშაფტს სჭირდება გადატვირთვა ექსტრემისტული, რადიკალური და ეროვნული ინტერესების მოღალატე ჯგუფებისგან“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.