სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდებულ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო განაჩენს 17 მარტს, 11:00 საათზე გამოაცხადებს.
მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა.
დღევანდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა, კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვაზე უარი თქვა და საბოლოო სიტყვის უფლებით არ ისარგებლა.
მოსამართლემ სხდომაზე წარმოდგენილი ოქმი წაიკითხა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სააკაშვილი პროცესზე გამოცხადებაზე უარს აცხადებდა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. ამ საქმეზე კიდევ 4 პირია ბრალდებული. ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.