ლიეტუვა მზადაა ქვეყანაში ნატო-ს ბირთვული იარაღის განთავსების საკითხი განიხილოს. ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, დოვილე შაკალენემ განაცხადა.
როგორც შაკალენე აცხადებს, ლიეტუვა მზად არის, განიხილოს კონსტიტუციის ცვლილების შესაძლებლობა, თუ ნატო-ს მოკავშირეები მის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის განთავსების შეთავაზებით გამოვლენ.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჭიროა შევაფასოთ რესპუბლიკის კონსტიტუციის 137-ე მუხლში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობები, თუ ჩვენი მოკავშირეები შემოგვთავაზებენ გარკვეულ რეალურ გეგმებს ლიეტუვაში ბირთვული იარაღის ან მისი კომპონენტების განთავსების შესახებ“, – აცხადებს ქვეყნის თავდაცვის მინისტრი.
ლიეტუვის კონსტიტუციის 137-ე მუხლი კრძალავს სახელმწიფოს ტერიტორიაზე მასობრივი განადგურების იარაღისა და უცხოური სამხედრო ბაზების განთავსებას.
ცნობისთვის, მანამდე პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში ვაშინგტონს მოუწოდა, აღმოსავლეთ ევროპაში განათავსოს ბირთვული იარაღი.
„ნატო-ს საზღვრები აღმოსავლეთისკენ გადაადგილდა 1999 წელს, ამიტომ 26 წლის შემდეგ, ასევე უნდა მოხდეს ნატო-ს ინფრასტრუქტურის აღმოსავლეთისკენ გადატანა. ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ დრო დადგა, არამედ უფრო უსაფრთხოც იქნებოდა, თუ ეს იარაღი უკვე აქ იქნებოდა“, – განაცხადა დუდამ.