დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შეერთებულ შტატებში 43 ქვეყნის მოქალაქეებისთვის შესვლის წესების გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის.
ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეიმუშავა რეკომენდაციების პროექტი, რომელშიც 43 ქვეყანა სამ კატეგორიად დაყო – „წითელი“, „ნარინჯისფერი“ და „ყვითელი“.
„წითელი“ ქვეყნების ჯგუფში შევიდა 11 ქვეყანა, რომელთა მოქალაქეებს კატეგორიულად აეკრძალებათ აშშ-ში შესვლა. ესენია: ავღანეთი, ბჰუტანი, კუბა, ირანი, ლიბია, ჩრდილოეთ კორეა, სომალი, სუდანი, სირია, ვენესუელა და იემენი.
„ნარინჯისფერი“ ქვეყნების სიაში შესულია 10 ქვეყანა, რომელთა მოქალაქეებს ვიზების გაცემას შეუზღუდავენ. შესვლა შეიძლება ნებადართული იყოს, მხოლოდ, „შეძლებული ბიზნეს მოგზაურებისთვის“, მაგრამ არა მათთვის, ვინც შედის საიმიგრაციო ან ტურისტული ვიზებით. ამ კატეგორიის ქვეყნებია – რუსეთი და ბელარუსი, ასევე ერიტრეა, ჰაიტი, ლაოსი, მიანმარი, პაკისტანი, სიერა-ლეონე, სამხრეთ სუდანი და თურქმენეთი.
„ყვითელ“ სიაში მოხვდა 22 ქვეყანა, რომლებსაც მიეცემათ 60 დღე, რომ აღმოფხვრან ის საკითხები, რომლებიც შეშფოთებას იწვევს აშშ-ის ხელისუფლებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი „წითელ“ ან „ნარინჯისფერ“ კატეგორიაში მოხვდებიან.
The New York Times-ის ინფორმაციით, საბოლოო სია შეიძლება შეიცვალოს.
ჯერჯერობით, უცნობია გაავრცელებს თუ არა ადმინისტრაცია შეზღუდვებს ე.წ. მწვანე ბარათის მფლობელებზე, რომლებმაც აშშ-ში მუდმივი ცხოვრების ნებართვა უკვე მიიღეს.