საქართველო მდებარეობს იქ, სადაც გეოპოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს კვეთს, რაც ახალ შესაძლებლობებს წარმოშობს - მაკა ბოჭორიშვილი

18 მარტი 2025, 10:01 166 ნახვა

უამრავი პროექტი, რომლებიც შეიძლება, განხორციელდეს ან უკვე ხორციელდება საქართველოს ჩართულობით, მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ჩვენს პატარა რეგიონს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილი ნიუ დელიში, საერთაშორისო კონფერენცია „რაიზინა დიალოგი 2025“-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე „შეჯიბრი და თანამშრომლობა – უსაფრთხო მომავლისთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, ჩემთვის დიდი პატივია, რომ აქ ვიმყოფები, პატივცემულ სტუმრებს შორის და მაქვს შესაძლებლობა, ვიმსჯელო უაღრესად მნიშვნელოვან საკითხებზე. მართლაც, საქართველო შეიძლება, ძალიან პატარა ქვეყანაა გეოპოლიტიკური პროცესების განსაზღვრისთვის, მაგრამ ის მდებარეობს იქ, სადაც გეოპოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს კვეთს, რაც ახალ შესაძლებლობებს წარმოშობს. ამ შესაძლებლობებით ეფექტურად სარგებლობისთვის კი საკმარისი სიბრძნე და შორსმჭვრეტელობაა საჭირო. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ის გამოწვევები, რომლებთან გამკლავებაც საქართველოს უწევს დღეს არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში, ასევე ის შესაძლებლობები, რასაც ჩვენ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა გვთავაზობს.

საუკუნეების განმავლობაში საქართველო აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ხიდის როლს ასრულებდა.  აბრეშუმის გზის დროიდან მოყოლებული, ჩვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კავშირის უზრუნველყოფაში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდანვე, საქართველომ კვლავ დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა აღედგინა და გაეძლიერებინა ეს ისტორიული როლი თანამედროვე მსოფლიოში.

„ჩვენს მეზობლებთან – აზერბაიჯანთან და თურქეთთან მჭიდრო თანამშრომლობის, ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერის წყალობით, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ათწლეულების შემდეგ, ეს პროექტები კვლავ ინარჩუნებს აქტუალურობას, რადგან მათ აქვთ უზარმაზარი პოტენციალი საერთო ევროპული უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით. ეს პროექტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როდესაც საქმე შეეხება დაკავშირებადობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და სხვა სფეროები.

ახლახან ვსტუმრობდი ცენტრალური აზიის ქვეყნებს – ყაზახეთს, უზბეკეთს, თურქმენეთს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, როგორიცაა აზერბაიჯანი, თურქეთი და სომხეთი. ეს ქვეყნები საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დაკავშირებადობა შავი ზღვის რეგიონში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, დიდი ხნის განმავლობაში, საქართველო მუდმივად ცდილობდა, გადაექცია შავი ზღვა ევროკავშირთან გამაერთიანებელ ხიდად და არა გამყოფ ბარიერად.

„დღეს ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობები ამ მიზნის მისაღწევად, მაგრამ ეს მოითხოვს აქტიურ მუშაობას და ინვესტიციებს. ჩვენ ერთად შეგვიძლია, განვახორციელოთ მასშტაბური პროექტები, რომლებიც სარგებელს მოუტანს ევროკავშირს, ევროპას. ჩვენ თავს მოვიაზრებთ ევროპის ნაწილად და ამიტომ, ევროპის უსაფრთხოების საკითხები ჩვენ პირდაპირ გვეხება. ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც არსებობს აღმოსავლეთის მიმართულებით და რომელიც სარგებელს მოუტანს მთელი ევროპის რეგიონს.

შუა დერეფანი უზარმაზარ შესაძლებლობებს გვიხსნის და მისი განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ მზად ვართ, ჩავდოთ ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში და სრულად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელსაც ეს პროექტები სთავაზობს საქართველოს. შავი ზღვა-კასპიის ზღვის ენერგო და სატრანსპორტო დაკავშირებადობა, უამრავი პროექტი, რომლებიც შეიძლება, განხორციელდეს ან უკვე ხორციელდება საქართველოს ჩართულობით, მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ჩვენს პატარა რეგიონს. ამ კონტექსტში, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორები – მშვიდობა და უსაფრთხოება. მე ვსაუბრობ პატარა, მაგრამ ძალიან დინამიურ რეგიონზე – სამხრეთ კავკასიაზე. საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა და ხელს უწყობდა თავისი მეზობლების – სომხეთისა და აზერბაიჯანის ძალისხმევას და ჩვენ გვიხარია, რომ მათ იპოვეს გზა მშვიდობისკენ და განაცხადეს სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის. თუმცა, საქართველოს ორი რეგიონი ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს რეგიონს.

ჩემთვის, როგორც ქართველი დიპლომატისთვის, დიდი ხნის განმავლობაში რთულ ამოცანად რჩებოდა ამეხსნა, ერთი მხრივ, რუსული ოკუპაციის საფრთხეები, ხოლო მეორე მხრივ,  არსებული უზარმაზარი შესაძლებლობები. ეს რჩება რთულ ამოცანად, რადგან ოკუპაცია გრძელდება და უსაფრთხოების გამოწვევები კვლავ რჩება. თუმცა, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს და ჩვენი პასუხი უნდა იყოს ეკონომიკური განვითარება, სწორი რეფორმები. გლობალურ რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციები უკავია ბიზნესის კეთების, ღია მმართველობის, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებებით. ეს მიღწევები შესაძლებელი გახდა მთავრობის მიერ გატარებული თანმიმდევრული რეფორმების შედეგად, განსაკუთრებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში. ჩვენ სწორედ ასე ვუპირისპირდებით ჩვენს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში