24 თებერვალს, მხარეთა მორიგებით დასრულდა სახალხო დამცველის აპარატში მიმდინარე კიდევ ერთი საქმე - სავარაუდო დისკრიმინაციული მოტივით შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახალხო დამცველი მოხარულია, რომ მხარეებმა შეძლეს კომპრომისული გადაწყვეტილების მიღება და შეასრულეს მორიგების აქტით განსაზღვრული ვალდებულებები.
"სახალხო დამცველის, როგორც დისკრიმინაციასთან ბრძოლის ეროვნული მექანიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლებამოსილება სწორედ ზეპირი მოსმენის ჩატარება და დავის მორიგებით დასრულებაა, რაც ორივე მხარისთვის მისაღებ მეთოდს წარმოადგენს.
უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლიდან, მას შემდეგ რაც „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი ამოქმედდა, სახალხო დამცველმა მხარეთა შორის დავა მორიგებით მესამედ დაასრულა.
სახალხო დამცველი სამომავლოდაც ეცდება სავარაუდო დისკრიმინაციის საქმეებზე, კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენოს მხარეთა შორის მორიგების შესაძლებლობა"- აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.