საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთთან ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადების თბილისური ეტაპი დაასრულა. შეკრების მეორე დღეს „ჯვაროსნებმა“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სრული შემადგენლობით ივარჯიშეს.
B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი ოფში საქართველოს ნაკრები სომხეთს, 20 მარტს ერევანში, ხოლო 23 მარტს თბილისში დაუპირისპირდება. წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონში B ლიგაში ითამაშებს.
ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო სომხეთთან ერევანში გასამართ შეხვედრას საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებენ.