ინდოეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია - მაკა ბოჭორიშვილი

19 მარტი 2025, 14:19 118 ნახვა

ინდოეთი უმნიშვნელოვანესი რეგიონული მოთამაშეა და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი, ჩვენს ქვეყნებს შორის ძლიერი ორმხრივი ურთიერთობებია, თუმცა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად მნიშვნელოვანი პოტენციალი რჩება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ინდოეთში, პანელურ დისკუსიაზე „ინდოეთთან თანამშრომლობა“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო და ინდოეთი ძალიან მჭიდროდ მუშაობენ განათლების სფეროში, შესაძლებელია მუშაობა სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ეკონომიკური კავშირების გაღრმავება.

„ინდოეთი უმნიშვნელოვანესი რეგიონული მოთამაშეა და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენს ქვეყნებს შორის არის ძლიერი ორმხრივი ურთიერთობები, თუმცა რჩება მნიშვნელოვანი პოტენციალი ჩვენი თანამშრომლობის გასაღრმავებლად სხვადასხვა სფეროში. თანამშრომლობის სფეროები მართლაც ფართოა. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ განათლების სფეროში, შეგვიძლია ძალიან მჭიდროდ ვიმუშაოთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით და გავაღრმაოთ ეკონომიკური კავშირები. ამ დისკუსიის შემდეგ, შეხვედრას გავმართავ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სადაც განვიხილავთ თანამშრომლობის დამატებით მიმართულებებს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ერთ-ერთი პრიორიტეტია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოლაპარაკებების დასრულება, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ეკონომიკურ კავშირებს.

მისივე თქმით, საქართველო მხარს უჭერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას და რეგიონში ხანგრძლივ მშვიდობას.

„საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ორ ქვეყანას, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებას და ჩვენს რეგიონში ხანგრძლივ მშვიდობას. საქართველოს ძალიან მკაფიო და ხმამაღალი პოზიციაა, რომ სადაც ვიქნებით საჭირონი, სადაც შეგვეძლება ხელი შევუწყოთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას, სადაც შეგვეძლება ჩვენი დახმარების შეთავაზება, ჩვენ აქ ვართ, რათა წვლილი შევიტანოთ ჩვენს რეგიონში მშვიდობის, თანამშრომლობისა და დიალოგის გაძლიერებაში. გვჯერა, რომ მშვიდობისა და უსაფრთხოების წყალობით ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. ჩვენს რეგიონში არსებული პოტენციალის ათვისება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შორის კარგი თანამშრომლობა გვექნება“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში