საკონსტიტუციო სასამართლომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის არსებითად განხილვა დაიწყო. მოქალაქე ანა ხაჭაპურიძე დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო-კვლევითი გრანტის გაცემის წესს ასაჩივრებს.
მოსარჩელის განმარტებით, არსებული ნორმით სასწავლო-კვლევითი გრანტის მოსაპოვებლად წარდგენილი პროექტების მიერ თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა ნაკლები ბიუჯეტის მქონე პროექტს ენიჭება და ეს ნორმა არ ითვალისწინებს შშმ პირების დამატებითი საჭიროებებს.
მოსარჩელე აღნიშნული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს და მიუთითებს, რომ ირღვევა თანასწორობის უფლება და ეს ჩანაწერი წარმოადგენს ირიბ დისკრიმინაციას.
საქმეს არსებითად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს.